понедельник, 2 марта 2009 г.

ქეთევანობა




ქეთევან წამებულის სახელობის დღე. 13 (26 )სექტემბერი



წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.
ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.
შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.
გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, „მამობილს“ გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.
სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა და თან გამაჰმადიანება შესთავაზა.
ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლს დავბრუნდებიო, მუხრანში. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემგინებელ კონსტანტინეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერილი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.
შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო, ამიტომ 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში.
გაიხარა წმიდა დედოფალმა შვილის ხილვით, მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც - წმიდა ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა: რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“.
ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.
კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები - წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები - შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.
შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი. შემდგომში შაჰის მიერ ნაწამები ალექსანდრე გარდაიცვალა, ლევანი კი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველს, გათათრებულ ქართველს, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი უნდილაძე დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს - ლევანსა და ალექსანდრეს.
ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული.
ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას.
უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის.
შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი,
უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენება 13 (ახ. სტ. 26) სექტემბერს აღესრულება.